სამშენებლო სამართალდარღვევები
სამშენებლო სამართალდარღვევები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. კონდენციონერის გარე აგრეგატის, გათბობის ქვაბისა თუ სარეკლამო აბრის შენობის ფასადზე განთავსება არქიტექტურის სამსახურის თანხმობას რომ მოითხოვს ბევრმა იცის, თუმცა არ აქვს ინფორმაცია იმ სანქციებზე რომლის წინაშეც უნებართვო სამუშაოების განხორციელების ფაქტის აღმოჩენის შემთვევაში დადგება.
წინამდებარე სტატიის მიზანია გაგაცნოთ ჯარიმის ოდენობები შესაბამისი სამართალდარღვევებისთვის, რომლის გადახდის მიუხედავად დემონტაჟის ვალდებულება არ იხსნება.
დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია შეგვიძლია პირობითად დავყოთ სამი ტიპის უძრავ ქონებად:
• ჩვეულებრივი ტერიტორია;
• კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა;
• კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლი.
სამართალდარღვევის საქმეში მნიშვნელოვანია დადგინდეს სამშენებლო სამუშაოების წარმოების საფუძველი, კერძოდ სახეზეა უნებართვო მშენებლობა თუ შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის დარღვევა.
როგორც ტერიტორიის დაყოფა, ისე სამშენებლო სამუშაოების წარმოების საფუძვლის იდენტიფიცირება არსებითად მნიშვნელოვანია სამართალდარღვევის შინაარსისა და ჯარიმის ოდენობის დასადგენად.
ვინაიდან თბილისის ტერიტორია სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის დასადგენად სამი ტიპის უძრავ ქონებად დავყავით, განვიხილოთ თითოეული როგორც უნებართვო მშენებლობის წარმოების, ისე პროექტის დარღვევის პირობებში.
პირველი ტიპი ესაა მშენებლობა ჩვეულებრივ ტერიტორიაზე
• უნებართვო მშენებლობა:
ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარი;
ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარი;
გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის − 20 000 ლარის ოდენობით.
• საპროექტო დოკუმენტაციის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა:
ა) I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 2 000 ლარის ოდენობით;
ბ) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 4 000 ლარის ოდენობით;
გ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით.
მეორე ტიპი ესაა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში:
• უნებართვო მშენებლობა:
ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 250 000 ლარის ოდენობით;
ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე:
ბ.ა) I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის − 16 000 ლარის ოდენობით;
ბ.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის – 24 000 ლარის ოდენობით;
ბ.გ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის − 200 000 ლარის ოდენობით.
• საპროექტო დოკუმენტაციის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა:
ა) I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 2 000 ლარის ოდენობით;
ბ) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 4 000 ლარის ოდენობით;
გ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 30 000 ლარის ოდენობით;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 45 000 ლარის ოდენობით.
მესამე ტიპი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები
სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში − 20 000 ლარის ოდენობით;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში − 150 000 ლარის ოდენობით.
ჯარიმის დაკისრების თაობაზე მუნიციპალური ინსპექცია გამოსცემს დადგენილებას, რომელიც ერთჯერადად ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრდება. მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილების გამოსაცემად ყველა გარემოება სწორად გამოიკვლიოს და შეაფასოს. უზრუნველყოს მესაკუთრის სხდომაზე მიწვევა თუ მითითების/შემოწმების აქტის ჩაბარება. თუ მითითებით განსაზღვრულ ვადაში მესაკუთრე მოახდენს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას (განახორციელებს უნებართვოდ ნაწარმოები სამუშაოების დემონტაჟს), ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი აღარ იარსებებს და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეწყვიტოს სამართალდარღვევის საქმის წარმოება.