როგორ ხდება სესხის ხანდაზმულად ცნობა და რა უფლებები აქვს მოვალეს
თუ კი ძველი სესხი გაქვთ და ბანკი ან პრობლემური აქტივების ბიურო გიკავშირდებათ მისი გადახდის მოთხოვნით, მნიშვნელოვანია იცოდეთ რა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება შეგიძლიათ საკუთარი უფლებების დასაცავად.
წინამდებარე სტატიის მიზანია გაგაცნოთ, თუ როდის ითვლება სესხი ხანდაზმულად, როგორც ცდილობენ კრედიტორები მის ,,გაცოცხლებას“ და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მოვალემ, რათა თავიდან აიცილოს ხანდაზმული სესხის გადახდა.
რას ნიშნავს ხანდაზმულობა?
ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში კრედიტორს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს საკუთარი მოთხოვნის იძულებით შესრულება. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნის უფლება ობიექტურად კვლავ არსებობს, თუმცა მისი აღსრულება იძულებით ვერ განხორციელდება, თუ მოვალე უარს იტყვის ვალდებულების შესრულებაზე.
სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო მისი დაწყება დაკავშირებულია მოთხოვნის წარმოშობის მომენტთან. აღნიშნული ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც კრედიტორმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კრედიტორი უფლებამოსილია, სამი წლის განმავლობაში, მიმართოს სასამართლოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ვალდებულების იძულებით შესრულება.
ხანდაზმულობის ვადის დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე და დაიცვას მოპასუხეები ძველი სარჩელებისაგან.
როდის ხდება სესხი ხანდაზმული?
ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, სესხი არ ხდება ავტომატურად ხანდაზმული. რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორს შეუძლია სამი წლის შემდეგაც მოითხოვოს სესხის გადახდა ან დაიწყოს სასარჩელო წარმოება მოვალის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში, მოვალე უფლებამოსილია უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე, თუმცა ზეპირი განაცხადი საკმარისი არ არის და აუცილებელია სასამართლოსადმი მიმართვა სესხის ხანდაზმულად აღიარების მოთხოვნით.
სესხის მოთხოვნის უფლება შეიძლება გადაეცეს პრობლემური აქტივების ბიუროს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემური აქტივების ბიურო შეისყიდის მოთხოვნის უფლებას თქვენი კრედიტორისაგან. სამართლებრივად აღნიშნული მოთხოვნის გასხვისებად კვალიფიცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ბიურო ხდება ახალი კრედიტორი, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის გადახდა.
თუ ბანკი ან პრობლემური აქტივების ბიურო სესხის ამოღების მიზნით სასამართლოში შეიტანს სარჩელს, სასამართლო განგისაზღვრავთ ვადას შესაგებლის წარმოსადგენად. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, დროულად წარადგინოთ შესაგებელი და მიუთითოთ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რათა თავიდან აიცილოთ სესხის გადახდის ვალდებულება.
გახსოვდეთ, სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება არ ხდება საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ მოვალის მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
როგორ ,,ცოცხლდება“ ხანდაზმული სესხი?
სესხის ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ხშირად, ბანკი ან პრობლემური აქტივების ბიურო უკავშირდება მოვალეს და სთავაზობს სესხის თანხის მხოლოდ გარკვეული ნაწილის გადახდას. ასეთ შემთხვევაში, კრედიტორის მიმართ თუნდაც სიმბოლური თანხის გადახდის განხორციელებით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და თავიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი უფლებამოსილი ხდება მოითხოვოს მთლიანი ვალდებულების შესრულება.
გახსოვდეთ, ნებისმიერი შეთანხმება სესხის თანხის განწილვადების ან მხოლოდ ნაწილის გადახდის თაობაზე, ასევე სესხის წერილობითი დადასტურება ხანდაზმულობაზე მითითების გარეშე, ითვლება მოთხოვნის არსებობის აღიარებად და იწვევს ხანდაზმული სესხის ,,გაცოცხლებას“.
შეეხება თუ არა სესხის ხანდაზმულობა პირგასამტეხლოს?
სესხის ხანდაზმულობა ვრცელდება არა მხოლოდ ძირითად ვალდებულებაზე, არამედ მისგან მომდინარე დამატებით მოთხოვნებზეც, მათ შორის პირგასამტეხლოზე.
მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
გახსოვდეთ, თუ კი სესხი ხანდაზმულად იქნება ცნობილი, კრედიტორს აღარ ექნება სამართლებრივი საფუძველი მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 10 წლამდე, თუ კი კრედიტორი მოითხოვს სასესხო ვალდებულების სასამართლო გზით დადასტურებას.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. ესეიგი იძულებითი აღსრულება 10 წლის განმავლობაში არის შესაძლებელი.
გაითვალისწინეთ, თუ ბანკი ან პრობლემური აქტივების ბიურო სასამართლოში შეიტანს სარჩელს, აუცილებელია დადგენილ ვადაში წარადგინოთ შესაგებელი და მიუთითოთ მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დააკმაყოფილებს კრედიტორის მოთხოვნას და დაგაკისრებთ სესხის გადახდის ვალდებულებას, რომლის იძულებითი აღსრულების ვადა გახალგრძლივდება 10 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანდაზმულობის საერთო ვადა სამ წელს შეადგენს.
გახსოვდეთ, ხანდაზმული სესხების მართვა მხოლოდ დროული და სწორი სამართლებრივი მოქმედებების განხორციელების შემთხვევაშია შესაძლებელი, კვალიფიციური სამართლებრივი მომსახურება კი ამის მნიშვნელოვანი გარანტიაა.
სტატიის ავტორი: ლეილა ლიპარტელიანი