სამართლებრივი ბლოგი
2025-04-10 17:29:33

რა უნდა იცოდეთ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ

რა არის ბინადრობის ნებართვა?
ბინადრობის ნებართვა არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აძლევს უფლებას შემოვიდეს და კანონიერად იმყოფებოდეს საქართველოში. ნებართვა გაიცემა სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ხოლო მის მისაღებად საჭიროა გარკვეული პროცედურების გავლა.

ვის შეუძლია ბინადრობის ნებართვის მიღება?
ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლია იმ უცხოელს, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით იმყოფება, კერძოდ, მისი მიღება შესაძლებელია, თუ თქვენ:
o    რეგისტრირებული ხართ, როგორც შრომითი იმიგრანტი ან ახორციელებთ სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში;
o    ხართ საქართველოს ყოფილი მოქალაქე და გსურთ მოქალაქეობის აღდგენა, ან ხართ მოქალაქეობის არმქონე პირი,
o    ხართ ინვესტორი და საქართველოში ახორციელებთ საინვესტიციო საქმიანობას,
o    გსურთ სწავლის გაგრძელება საქართველოს ავტორიზებულ სასწავლებელში, 
o    გსურთ ოჯახის გაერთიანება ან ხართ საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი.

რა სახის ბინადრობის ნებართვები არსებობს?
საქართველოში ბინადრობის ნებართვის რამდენიმე სახე არსებობს, რომელიც ნებართვის მაძიებლის მიზნის შესაბამისად გაიცემა:

◼ მუდმივი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე; ან უცხოელზე, რომელიც დროებითი ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში;
 შრომითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა შრომით იმიგრანტზე ან საქართველოში მეწარმე უცხოელზე, რომლის ყოველთვიური შემოსავალი არ არის საშუალო მოხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, ხოლო დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმოს წლიური ბრუნვა არ არის შრომითი ბინადრობის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები;
◼ სასწავლო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა იმ უცხოელზე, რომელსაც სურს სწავლის გაგრძელება საქართველოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
◼ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა - გაიცემა იმ უცხოელის ოჯახის წევრებზე, რომელსაც უკვე აქვს ბინადრობის ნებართვა;
◼ საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა იმ უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
 მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად აქვს მოქალაქეობის არმქონე სტატუსი;
◼ სპეციალური ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელიც ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლი ან დაზარალებულია;
◼ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე,  რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ინვესტიცია; ან საქართველოს ტერიტორიაზე მის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში);
◼ დროებითი ბინადრობის ნებართვა -  გაიცემა უცხოელზე, რომელიც ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არის მსხვერპლი; მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები; სარგებლობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის მომსახურებით;
◼ მოკლევადიანი ბინარობის ნებართვა - გაიცემა იმ უცხოელზე და მის მეუღლესა და შვილებზე, რომლის საკუთრებაშია საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ნივთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც აღამეტება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში;
◼ უვადო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე (ოჯახის წევრებზე), რომელსაც უდასტურდება შემდეგი სახის წლიური ბრუნვა:

პირველი წლის განმავლობაში - არანაკლებ 50 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში);
მეორე წლის განმავლობაში - არანაკლებ 100 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში);
მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში - არანაკლებ 120 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში).

ან იმ უცხოელზე და მის ოჯახის წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში უფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.

ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურა
ბინადრობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და შეიტანოთ განაცხადი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: დადგენილი ფორმის განცხადება, უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი, საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფოტოსურათი ზომით ¾; მომსახურების საფასურის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი (თუ განაცხადს მატერიალურად წარადგენთ). 

გარდა ამ ძირითადი დოკუმენტებისა, ბინადრობის ნებართვის ტიპის მიხედვით შესაძლოა მოგეთხოვოთ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, მაგალითად: მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი; პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა; საქართველოში ავტორიზებული სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე; ნათესაური კავშირის დამდასტურებელი დოკუმენტი; უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამდასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა; საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი; აუდიტორული დასკვნა. 

სააგენტო ჩვეულებრივ 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, ხოლო მომსახურების საფასური 350 ლარს შეადგენს. დაჩქარებული მომსახურების არჩევის შემთხვევაში კი, განხილვის პროცედურა დასრულდება 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მომსახურების საფასური გაიზრდება 500 ლარამდე. გაითვალისწინეთ, რომ განხილვის ვადა და საფასურის ოდენობა განსხვავდება იმისდამიხედვით, თუ რომელი სახის ბინადრობის ნებართვის მიღებას მოითხოვთ.

გახსოვდეთ, რომ თუ სააგენტო თქვენთვის არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით შეგიძლიათ იდავოთ სასამართლოში გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში. 
 

 

სტატიის ავტორი: ლეილა ლიპარტელიანი