ხმაურის სახეები და მისი ზღვრულად დასაშვები ფარგლები
ხმაურის ხანგრძლივი და ინტენსიური მოქმედების შედეგად ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ვითარდება. ესენია სმენის ფუნქციის დაზიანება, სმენითი მგრძნობელობისა და სმენის დროებითი ან მუდმივი დაკარგვა, ყურადღების ფუნქციის დაქვეითება, ძილის რეჟიმის დარღვევა, მოქანცვისა და გაღიზიანებადობის გაზრდა და სხვა.
წინამდებარე სტატიაში განხილული იქნება აკუსტიკური ხმაური, სამუშაო ადგილიდან მომავალი ხმაური და საკანონმდებლო ინიციატივა მანქანების ხმაურთან დაკავშირებით, რომელმაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მოწონება ვერ დაიმსახურა.
აკუსტიკური ხმაური უახლესი საკანონმდებლო ცვლილებით სამართალში, რომელიც ხმაურის არახელსაყრელი ზემოქმედებისგან ადამიანების დასაცავად იქნა მიღებული 2017 წლის 15 აგვისტოს ტექნიკური რეგლამენტია, რომლითაც დადგინდა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსოებსა და განაშენიანების ტერიტორიაზე, სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი მუხლების შემოტანით კი მუნიციპალიტეტს საშუალება მიეცა რეაგირება მოახდინოს გადაჭარბებულ ხმაურზე. თავისმხრივ რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:
◾️ დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე;
◾️ საავიაციო სარკინიგზო (მათ შორის მეტროპოლიტენის) საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტუტრაზე;
◾️ კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულ ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე;
◾️ ღამის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე;
◾️ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე;
◾️ საღმრთო მსახურების ჩატარებაზე სხვადასხვა რელიგიურ წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს გამართულ აქტივობებზე.
კანონის მიზნებისთვის აკუსტიკური ხმაური განიმარტება როგორც ყველა სახის განგრძობადი ხასიათის არასასიამოვნო ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მომდინარეობენ ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად და ქმნიან დისკომფორტს.
ხმაურის სახეებია ტონალური, იმპულსური, მუდმივი, არამუდმივი და ფონური. თითოეული ერთმანეთისგან დეციბალების სიდიდითა და ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავდება. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ასკ-ის 771 და 772 მუხლებით უფლებამოსილნი არიან დააჯარიმონ სამართალდამრღვევი, ერთ შემთხვევაში ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების და მეორე შემთხვევაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალურ ინსპექციას როგორც ასკ-ს მუხლებით ასევე, საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამსახურის შიდა დებულებით ხმაურის გადაჭარბების კონტროლის და შესაბამის ფაქტებზე სამართალდამრღვევის დაჯარიმების უფლება აქვთ.
ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება იწვევს სანქციას, ჯარიმის თანხა ორმაგდება თუ იგივე ქმედებას პირი ჩაიდენს მეორედ, ერთი წლის განმავლობაში. რეგლამენტის მიზნებისთვის ღამის საათებში იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე. საგამონაკლისო შემთხვევაა პიროტექნიკით სარგებლობა სადღესასწაულო დღეებში, რაც არ ითვალისწინებს დაჯარიმებას (ახალი წლის დღესასწაულზე, 26 მაისი და 9 აპრილი). რაც შეეხება აკუსტიკური ხმაურის ნორმის გადაჭარბებისათვის დადგენილ სანქციას, პირველი ეტაპი გაფრთხილებაა, ხოლო იგივე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფულადი თანხის დაკისრება.
სსკ 175-ე მუხლის რეგულირების სფერო სამეზობლო ემისიებია და მათ შორისაა ხმაურით გამოწვეული ზემოქმედება. როცა მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომავალი აკუსტიკური ხმაურის შემთხვევაა სახეზე, რეგლამენტის მიზნებიდან გამომდინარე პირველ რიგში გასარკვევია ხომ არ ექვემდებარება ემისია უპირობო თმენის ვალდებულებას. კანონმდებელმა რეგლამენტის მოქმედება არ გაავრცელა სამუშაო ადგილიდან მომავალ ხმაურზე და ნორმირების ფარგლები კვლავ სანიტარულ ნორმებში დატოვა. სამუშაო ობიექტებიდან მომავალი ზემოქმედება ნეგატორული სასარჩელო დაცვის საგანს წარმოადგენს.
სსკ 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით თუ მესაკუთრეს მისი საკუთრებით სარგებლობაში ხელი ეშლება ჩამორთმევის გარეშე შეუძლია ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა სასამართლო წესით განახორციელოს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნეგატორული სასარჩელო მოთხოვნა ხმაურის შემთხვევაში ორი მიმართულებით ვითარდება ერთი, როცა ითხოვენ სრულად ხმაურის აკრძალვას და მეორე - ზემოქმედების გამომწვევი სუბიექტის დავალდებულებას მოაქციოს ხმაურის დონე სანიტარული ნორმებით დადგენილ ფარგლებში. მეზობელთა ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაყრდნობით დასაშვებ ზღვარს ქვემოთ მუსიკის მოსმენა საცხოვრებელ ბინაში სამეზობლო თმენის ვალდებულების ფარგლებშია და ვერ ჩაითვლება „ნორმალური სამეურნეო საქმიანობის“ გადაჭარბებად.
საყურადღებოა ასევე მანქანების ხმაური საღამოს საათებში რომელიც თავისმხრივ ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა ინიციატივა ასკ-ში ახალი მუხლის შეტანის თაობაზე, რომელიც საღამოს საათებში 23:00დან 08:00 საათამდე აკრძალავდა გაჩერებული მანქანის/მოტოციკლის დაძვრისას ძრავის მაქსიმალური სიმძლავრით დატვირთვას და საგზაო მოძრაობისათვის განკუთვნილ ადგილზე სპორტული შეჯიბრის გამართვას.
საკანონმდებლო წინადადება განხილულ იქნა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, რომელმაც მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის მომზადებას იმ მიზეზით რომ ასკ-ს 125-ე მუხლის 9 2 ნაწილი უკვე არეგულირებს ამ საკითხს და შესაბამისი სანქციაცაა კოდექსში გათვალისწინებული.
თავისმხრივ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის პოზიცია მანქანების ხმაურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებაზე კანონპროექტის მომზადების მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. კომიტეტის მითითება თითქოს ეს საკითხი უკვე რეგულირებულია ასკ-ში 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით არასწორია რადგან ნორმა ძრავის ხმაურის საკითხს არ არეგულირებს. აღნიშნულ მუხლში ვკითხულობთ რომ „სატრანსპორტო საშუალების ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობაა“ დასჯადი, რაც ერთ შემთხვევაში გულისხმობს ჩვეულებრივ სიგნალს, ხოლო შუქსიგნალიზაცია წარმოადგენს პოლიციის ან სასწრაფო დახმარების მანაქანებზე დამონტაჟებულ მოწყობილობას. ასკ 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის გაანალიზებიდან გამომდინარე ნათელია რომ ავტომობილის მფლობელის ვალდებულება მაყუჩის მონტაჟის თაობაზე არ იკითხება და არც მანქანის/მოტოციკლის ძრავის ხმაურიანად დაძვრა დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ არის დასჯადი.
სასამართლოს „ოქროს შუალედი“ ხმაურის აკრძალვასა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის
სამუშაო ადგილებზე (გარდა რადიო, ტელე, კინო-სტუდიები, თეატრები,კინოდარბაზები საკონცერტო და სპორტული დარბაზები) წარმოქმნილი ხმაურის განსაზღვრის წესი ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #297/ნ ბრძანებითაა გაწერილი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია შემთხვევები, როცა მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომავალი ხმაურის გამო მესაკუთრეს ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში და უფრო მეტიც, ასეთი მოქმედებით შეიძლება მის ჯანმრთელობას ზიანიც მიადგეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გახილულ იქნა საქმე, სადაც სასტუმროს მეზობლად მცხოვრები მოსახლეობა ტემპერატურის მარეგულირებელი და საქვაბე დანადგარების მუშაობით გამოწვეული ხმაურის დონის შემცირებას ითხოვდა. სანიტარული ნორმების თანახმად საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებში და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე დღის 07:00 დან 22:00 საათამდე 55 დბ-ს, ხოლო 23:00 დან დილის 07:00 მდე 45 დბ-ს შეადგენს. ექსპერტიზამ იხელმძღვანელა აღნიშნული დანაწესით და დასაშვები ნორმების მნიშვნელოვნად გადაჭარბება დაადგინა. სასტუმროს მეპატრონე მიიჩნევდა რომ ხმაურის დონის დაწევის მოთხოვნის დაკმაყოფილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა კონსტიტუციით დაცული და აღიარებული სიკეთის - თავისუფალ მეწარმეობის საკითხს. საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ სამეზობლო სამართალი არის იმნორმათა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებს, მართალია საკუთრება არის აბსოლიტური უფლება, მაგრამ ამავე დროს საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის სოციალური მოვლენა და მას საზოგადოებრივი ინტერესისთვის ანგარიშის გაწევა უხდება. სამეზობლო სამართლის ნორმები საკუთრების შემზღუდავი ნორმებია და როგორც კერძოსამართლებრივ, ისე საჯარო-სამართლებრივ ისეთ ნორმებს მოიცავს როგორიცაა სამშენებლო, გარემოსდაცვითი, სანიტარული ნორმატიული აქტები. მეზობლების მიერ ურთიერთპატივისცემის ვალდებულებები სულ უფრო აქტუალური ხდება ვინაიდან ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა სამეზობლო ზემოქმედების ისეთი წყაროები წარმოშვეს, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია და სხვა. ზემოქმედების მნიშვნელოვნება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად მისაღებია საშუალო ადამიანისთავის ფაქტობრივი ზემოქმედების სიძლიერე დახანგრძლივობა. რადგან ხმაურის ზღვრულად დასაშვები დონეები სამუშაო ადგილებზე საზოგადოებრივ შენობებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე ნორმატიული აქტით პირდაპირაა განსაზღვრული. სწორედ ამ ზღვრული მაჩვენებლების შესაბამისი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტის საქმიანობა. მეზობელს ნორმატიულად გაწერილი ზღვარის ქვემოთ ხმაურზე თმენის ვალდებულება აქვს სამეზობლო სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, რადგან ვერ მოითხოვს სასტუმროს სამაცივრე დანადგარის მუშაობის სრულად შეწყვეტას. განსხვავებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სასამართლომ სრულად აკრძალა ხმაური საღამოს საათებში ერთ-ერთ საქმეში. სარდაფში მოქმედი ღამის კლუბიდან მომავალი მუსიკის ხმაურით პირველ სართულზე მცხოვრებ მეზობლებს ხელი ,ეშლებოდა სრულფასოვნად ცხოვრებაში (ძილი). თავდაპირველად მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი იქნა კლუბის დახურვა, თუმცა შემდგომ მოთხოვნა დაზუსტდა დამუსიკის აკრძალვა მხოლოდ ღამის საათებს შეეხო. ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა ზღვრულად დაშვებული ფარგლების გადაჭარბება. კლუბის ფუნქციონირების სრულად
შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როგორც ფაქტობრივი ასევე, სამართლებრივი საფუძვლით მხარეთა მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საღამოს საათებში მუსიკისრულად აკრძალვის არგუმენტად კი დასახელდა კლუბში ღამის საათებში ჩართული სიმღერა, როგორც არსებითი ხასიათის ზემოქმედება, რომელიც სარდაფის ჩვეულებრივი სარგებლობით არ იყო გამოწვეული. განხილული სასამართლოს გადაწყევტილებით სახეზეა სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვა, ღამის კლუბში სიმღერის აკრძალვა მისი ფუნქციონირების შეწყვეტას გულისხმობს. გაურკვეველია მოპასუხისთვის რატომ არ იქნა გათვალისწინებული სანიტარული ნორმებით დაწესებულ ზღვრულ მაჩვენებელთან მუსიკის ხმის შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება და რატომ აიკრძალა სრულად 23:00 დან 08:00 საათამდე. სამხრეთ კაროლინის უზენაესმა სასამართლომ 1963 წლის 25 მარტს განიხილა საქმე, სადაც მოსარჩელე ფიზიკური პირები უჩიოდნენ მაღაზიას, რომელიც მდებარეობდა მათი საცხოვრებლის პირველ სართულზე. მიზეზი იყო ის, რომ მაღაზიიდან მომდინარეობდა ხმაური, რაც ნორმალური ფუნქციონირების თანმდევი შედეგს წარმოადგენდა. მაღაზიას ყველა საჭირო ნებართვა ჰქონდა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისგან მოპოვებული. ბიზნესის თავისუფლება და მშვიდ საცხოვრებელ გარემოში ცხოვრების უფლება ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა და მაღაზიიდან მომავალი ხმაური მცირემნიშვნელოვან შეწუხებად მიიჩნია. აღნიშნული საქმე ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა დაფიქსირდა სამეზობლო ემისიების ზემოქმედების, კერძოდ კი სამუშაო ადგილიდან მომავალი ხმაურის სასამართლო წესით აკრძალვის მოთხოვნა.