დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მუდმივი განვითარებიდან გამომდინარე იზრდება ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირებს შორის სამოქალაქო დავებიც. ხშირ შემთხვევაში პრობლემათა მოგვარება მოლაპარაკების გზით ვერ ხერხდება, რა დროსაც საჭირო ხდება სასამართლოსთვის მიმართვა.
ერთი მხარის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდგომ მოპასუხე მხარეს ბარდება სასამართლო უწყება მოდავე მხარის სარჩელის ერთად, რის შემდეგაც ამ მოპასუხეს ენიჭება საპროცესო უფლება-მოვალეობები, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით.
აღნიშნული საპროცესო უფლება-მოვალეობების განუხორციელებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, ანუ თქვენი საპროცესო მონაწილეობის გარეშე თქვენს წინააღმდეგ მიმართული სარჩელის დაკმაყოფილების წესს, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფას, დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისთვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე, არ ახორციელებს საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს.
სასამართლოს შესაბამისი გარემოებების არსებობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს ორ შემთხვევაში: მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის ან შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
მოსარჩელე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები:
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა დგინდება მოპასუხეს რამდენად ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სასამართლო უწყება სხდომაზე დაბარების თაობაზე. ამის გარკვევის შემდგომ კი დგინდება მხარეს ხომ არ გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის საპატიო მიზეზი. საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება, ფორს-მაჟორი ან სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას.
მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში აუცილებელია, რომ მოპასუხე მხარემ იშუამდგომლოს სასამართლოსთან და მოითხოვოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მის სასარგებლოდ. ხოლო თუ მოპასუხე შუამდგომლობას არ წარადგენს, სასამართლო საქმეს დატოვებს განუხილველად. მოპასუხე მხარის ინტერესი შესაძლოა არ იყოს საქმის განუხილველად დატოვება ან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ასეთ დროს სასამართლო უფლებამოსილია, გადადოს საქმის განხილვა გონივრული ვადით.
მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები:
მოპასუხე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობისას, მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის მსგავსად, პირველ რიგში, დგინდება სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხი. აღნიშნულ შემთხვევაშიც საჭიროა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სასამართლოსთან, რომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თუმცა ეს ღონისძიებები საკმარისი არაა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის. შუამდგომლობის წარდგენის შემდგომ სასარჩელო მოთხოვნას ეძლევა სამართლებრივი შეფასება, თუ რამდენად ამართლებს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს- სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ვერ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე
მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის შედეგები:
ზემოაღნიშნულის მსგავსი მექანიზმი მოქმედებს მოპასუხის მიერ სასამართლოში შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც. შესაგებელი თავისი არსით არის მოწინააღმდეგე მხარის პასუხი მის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე, რომლის წარდგენის ვალდებულებაც მხარეს ეკისრება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში თუმცა, არაუმეტეს 14 დღის განმავლობაში, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე კი არაუმეტეს 21 დღის მანძილზე. თუ აღნიშნულ ვადებში მოპასუხე მხარე არასაპატიო მიზეზით არ წარადგენს შესაგებელს, და ამასთანავე სარჩელი შინაარსობრივად შესაბამისი იქნება ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ მოთხოვნასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
როგორ იქცევა სასამართლო ორივე მხარის გამოუცხადებელობის შემთხვევაში?
თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე და ისინი მსხდომაზე მოწვეულნი იუვნენის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სასამართლო საქმეს განუხილველად დატოვებს. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.