სამართლებრივი ბლოგი
2022-09-14 01:22:01

აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების გავრცელების სამართლებრივი რეგულირება Adjaranet.com & iMOVIES.GE -ს მაგალითზე

აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები სულ უფრო და უფრო ხდება ადამიანთა ყოველდღიურობის ნაწილი. აღნიშნული უფრო თვალსაჩინო მაშინაა, როდესაც იგი ზიარდება ციფრულ პლატფორმებზე. უფრო და უფრო მეტი აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების შექმნა და გაზიარება დამოკიდებულია არსებული საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების გავრცელების მასშტაბზე. დღესდღეობით აუდიოვიზუალური ნაწარმოების უნებართვო გარცელება შესაძლოა, ერთ-ერთ წამყვან პრობლემად დასახელდეს.

აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების უნებართვო გავრცელებამ საგრძნობლად შეამცირა საავტორო უფლებების ეფექტური დაცვა, ამასთან, დღესდღეობით ინტერნეტტრეფიკის 60% გამომდინარეობს მუსიკალური ნაწარმოების, ფილმებისა და წიგნების უნებართვო გავრცელებიდან. აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების უნებართვო გავრცელებამ მოსახლეობას მისცა საშუალება მუსიკალური ნაწარმოები, ფილმები ან/და საავტორო უფლებით დაცული სხვა ნაწარმოები დააკოპირონ და შეინახონ უპრეცედენტო რაოდენობით საფასურის გადახდის გარეშე.

რთული საკითხია, რამდენად აზიანებს აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების უნებართვო გავრცელება-გაყიდვების სისტემას, მაგრამ კვლევებით დგინდება, რომ უნებართვო გავრცელება საგრძნობლად ამცირებს გაყიდვებს, კერძოდ, 3.5%-ის შემთხვევაში კლება შეინიშნება ფილმების შემთხვევაში და 30%-ის კლება შეინიშნება მუსიკის შემთხვევაში, რაც საკმაოდ დიდ რიცხვებთანაა დაკავშირებული.

აღნიშნული სტატია შეეხება Adjaranet.com-ის, Imovies.ge-ის გათიშვის მიზეზს, მიზანსა და მის სამართლებრივ რეგულირებას.

დღესდღეისობით აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების გავრცელება ვებ-გვერდზე ერთ-ერთი რთულად მოსაწესრიგებელი და პრობლემური საკითხია. ვინაიდან, სოციალური ქსელი უფრო მეტად დავიწროვებულია, ვებ-გვერდის შემთხვევაში აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების გავრცელება შეიძლება უფრო ფართო მასშტაბით.

ინტერნეტპლაფტორმების განვითარებასთან ერთად იმატა იმ ვებ-გვერდების რაოდენობამ, რომლებიც „მეკობრული“ მექანიზმებით ათავსებენ აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებს, რასაც შემდგომ მომხმარებლები უნებართვოდ იყენებენ.

ერთ-ერთი ასეთი ვებ-გვერდია Bittorent, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ჩამოტვირთონ და იხილონ აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები (ფილმები). აღნიშნული აზარალებს, როგორც მწარმოებლებსა და აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს, ისე დისტრიბუტორებსა და მთლიანად კინოინდუსტრიას.

Adjaranet.com-ის საქმე

Bittorent-ის მსგავსი მეკობრული ვებ-გვერდი საქართველოშიც ფუნქციონირებს, ის ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმაა, სადაც მომხმარებელს აქვს უამრავი არჩევანი, უყუროს და გააზიაროს აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებები, მაგალითად, ფილმი. აღნიშნული ვებ-გვერდია Adjaranet.com, რომელთან დაკავშირებითაც კომუნიკაციების კომისიას აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება ეხება შპს „იბერია–TV-ს“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ესისთვის“ განცხადებებს ვებ–გვერდზე www.adjaranet.com დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილება დაუშვებელი პროდუქციის განმარტებას გვაძლევს, სადაც აღნიშნულია, რომ დაუშვებელი პროდუქციაა ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 14 აპრილს წერილით მიმართა შპს „სი ჯი ელს“ (შემდეგში adjaranet.com), რომლითაც მოსთხოვა, წარმოედგინა განცხადებაში აღნიშნული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთანავე, კომისიამ აცნობა შპს „სი ჯი ელს“(შემდეგში www.adjaranet.com), რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „სი ჯი ელს“ არ გააჩნდა განცხადებებში აღნიშნული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაუყონებლივ ამოეღო აღნიშნული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია www.adjaranet.com-დან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია იძულებული იქნებოდა, გამოეყენებინა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნისა, შპს „სი ჯი ელს“-მა (შემდეგში adjaranet.com-მა) არ წარმოადგინა აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არც დაუშვებელი პროდუქციის ამოღება განახორციელა, კომისიამ მიმართა ინტერნეტპროვაიდერებს „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, შემუშავებული მექანიზმების გამოყენებით მოეხდინათ ვებ–გვერდ www.adjaranet.com-ზე არსებულ დაუშვებელ პროდუქციასთან წვდომის განკავშირება, ვიდრე ვებ–გვერდის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი www.adjaranet.com-ზე დაუშვებელი პროდუქციის აღმოფხვრა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება კონკრეტული დაუშვებელი პროდუქციის შეზღუდვა, კომისიის რეკომენდაციაა, ინტერნეტპროვაიდერებმა უზრუნველყონ ვებ–გვერდ www.adjaranet.com-ზე წვდომის შეზღუდვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, Adjaranet.com-ის ქმედება ორი მიმართულებით შეიძლება, ჩაითვალოს საავტორო უფლების დარღვევად.

პირველ რიგში, მათ ვებ-გვერდზე იყო განთავსებული საავტორო უფლების დარღვევის შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები და თავიანთი გვერდის საშუალებით, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ზე აქვთ აღნიშნულ ქმედებასთან ერთად ხელს უწყობდა  აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების  პოპულარიზაციას, რომელიც მათ მიერ იყო უნებართვოდ/ არალიცენზირებულად მოპოვებული. ისინი თავიანთ ფეისბუქ გვერდზე ათავსებდნენ „პოსტებს“, სადაც მომხმარებლებს მოუწოდებდნენ, გადასულიყვნენ მათ ვებ-გვერდზე და ეხილათ ის აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებები, რომლებიც მათ მიერ არამართლზომიერად იყო მოპოვებული.

როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2006 წლის 17 მარტს მიღებულ იქნა N3 დადგენილება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონი, მობილური სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლებისა და მომხმარებლების უფლებებსა და ვალდებულებებს და მისი მიზანია, უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მომწოდებლების მიერ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს დაუშვებელი პროდუქციის დეფინიციას, რომლის მიხედვითაც: დაუშვებელი პროდუქციაა ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გაცემული სხვა პროდუქცია. კანონი აღნიშნავს, რომ მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს, გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს არასასურველი ელექტრონული გზავნილების, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსების, თაღლითური ან/და სხვა მავნე პროგრამების გავრცელება/გადამისამართებას. კანონი ავალდებულებს მომსახურების მიმწოდებელს, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაუშვებელი პროდუქციის განთავსება, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი ზომები მის აღმოსაფხვრელად, ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს და გაატაროს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რომ არ განხორციელდეს დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა.

საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ არაერთხელ  იქნა გაფრთხილებული Adjaranet.com, კომისია სთხოვდა ვებ-გვერდს ლიცენზირების დამადასტურებელ დოკუმენტაციასა და მტკიცებულებების წარდგენას.  

Adjaranet.com-ისა და Imovies.ge-ს გათიშვის მთავარი მიზანი იყო, ის რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო ონლაინ მეკობრეობა, ამასთან, ის სარეკლამო შემოსავლები, რომლებსაც აღნიშნული ვებ-გვერდები იღებდნენ ერთპიროვნულად, უნდა გადანაწილებულიყო საავტორო უფლების მფლობელებზე.

ინტერნეტმეკობრეობა მხოლოდ საქართველოში არ არის პრობლემური საკითხი. მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგშია, რადგან თვითონ ინტერნეტის ბუნებიდან გამომდინარე რთულია ყველაფრის ლიცენზირება და ყველაფრის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. ამასთან, აღნიშნულ პრობლემას ისიც ემატება, რომ მოსახლეობის აზრით, ინტერნეტსივრცეში ყველაფერი უფასო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

შეჯამების სახით ვიტყვი, რომ ევროპული კავშირის ქვეყნებს არც საქართველო ჩამოუვარდება და ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან მძიმე სიტუაციაა, აღნიშნულის მიზეზად საზოგადოების დამოკიდებულა სახელდება, რადგან ინტერნეტ მომხმარებლები თვლიან, რომ ინტერნეტ სივრცეში რა მასალაც არის ხელმისაწვდომი/განთავსებული, ყველა მათგანი უფასო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდება აუდიოვიზუალური ნაწარმოების უკონტროლო უნებართვო გავრცელება, როგორც პირატულ ვებ-გვერდებზე, ისე სოციალურ ქსელებში, რაც, საბოლოო ჯამში, მთლიანად კინოსივრცის შეფერხებასა და მისი ფუნქციონირების მოსპობას მოასწავებს.

ვინაიდან, საქართველოში გვქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც გავლენიანმა სტუდიებმა, როგორებიცაა-უოლტ დისნეის კომპანია და უნივერსალი, წერილით მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების კომისიასა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, სადაც აღნიშნავდნენ,  რომ ზომების გაუტარებლობის შემთხვევაში იძულებულნი იქნებოდნენ, სანქცია დაეკისრებინათ, აღნიშნული სწორედ ინტერნეტ მეკობრეობის საგანგაშო სიტუაციას მოასწავებს, რის მთავარ მიზეზად საზოგადოების დამოკიდებულება და მათი არაინფორმირებულობა სახელდება.

 

სტატიის ავტორი: ლიანა ზაგაშვილი