პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება შრომითი დავისას
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა კანონიერ ძალაში შესვლამდე მიექცეს აღსასრულებლად კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. კანონით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აღსრულებით დაცული სიკეთე მნიშვნელოვნად აღემატება უფლების შეზღუდვის ფარგლებს, ამასთან, უფლების შეზღუდვამ გამოუსწორებელი ზარალი არ უნდა მიაყენოს მხარეს და დაუშვებლად არ უნდა ხელყოს მისი უფლებები.
შრომითი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან დასაქმებული დამსაქმებელთან მიმართებით სუბორდინაციულ (ურთიერთდაქვემდებარებულ) მდგომარეობაში იმყოფება, მოქმედი კანონმდებლობა მაქსიმალურად არის ორიენტირებული დასაქმებულის შრომითი ურთიერთობების დაცვაზე.
სწორედ ამიტომ დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის მიმართ სასამართლო დავის დაწყებისა და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად მიექცეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად, ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები:
- დასაქმებულისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ;
- უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ;
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი განსაზღვრავს სწორედ იმ გადაწყვეტილებების კატეგორიებს, რომელთა მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაც, მხარეთა თხოვნით, შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღებისთანავე. ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობა კანონმდებელმა დაუკავშირა დავის ტიპს. ხსენებული საფუძვლებით გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო აფასებს, რამდენად ექცევა მის მიერ უკვე გადაწყვეტილი დავა კანონით განსაზღვრული სამართლებრივი კატეგორიის ქვეშ.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული საფუძვლით გამოტანილი გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულება არ საჭიროებს დამატებით ფაქტების დადგენას.
შრომით-სამართლებრივ დავებზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობა ემსახურება დავის მონაწილე მხარის დარღვეული უფლებების სწრაფ აღდგენას. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების რისკებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება დასაქმებულის, როგორც „სუსტი მხარისა“ და დაზარალებული მხარის კანონიერი უფლებების დაცვას.
შესაბამისად, გახსოვდეთ რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისას სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში კანონმდებლობა საშუალებას გაძლევთ, მაქსიმალურად მცირე დროში განახორციელოთ დარღვეული უფლების აღდგენა.