სამართლებრივი ბლოგი
2023-06-19 22:58:24

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობები

საერთაშორისო დონეზე არაერთი სამართლებრივი აქტით, მათ შორის ადამიანის უფლებათა დეკლარაციით, განსაზღვრულია, რომ ბავშვი მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

სპეციალური დაცვის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად მიჩნეულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა. აღნიშნული საერთშორისო ხელშეკრულების ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, ეროვნულ დონეზე შემუშავებული კანონმდებლობით უზრუნველყონ ბავშვის ისეთი დაცვა, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისთვის.

სწორედ ამის შედეგია ქართული სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მშობელთა სოციალური ვალდებულებები, რომლის ფარგლებშიც ისინი ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტი წარმოადგენს მინიმალურ მატერიალურ დაცვას იმ პირისა, რომელიც საჭიროებს შესაბამისი ფორმით ზრუნვას.

კანონმდებლობით დადგენილია, რომ ერთანეთის მიმართ ალიმენტვალდებული პირველი რანგის პირები არიან როგორც  მშობლები და შვილები, ასევე მეუღლეებიც.

გარდა ამისა, კანონით განისაზღვრება მეორე რანგის მარჩენალები: და-ძმა, შვილიშვილიები, შრომისუუნარო ბებია-პაპიას მიმართ და პირიქით; მამინაცვლის/დედინაცვლის გერის მიმართ და ფაქტობრივი აღმზრდელის მიმართ.

იმ შემთხვევაში, თუ პირს არ ჰყავს მეუღლე/შვილი, თვითონ არის შრომისუუნარო და სხვა პირის რჩენაზე იმყოფებიან, ან არ აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა, ასეთ შემთხვევაში რჩენა ეკისრებათ მეორე რანგის მარჩენალებს.

მშობლებისა და შვილების საალიმენტო ვალდებულების ფარგლებში შვილის რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს გააჩნია თანაბრად, მიუხედავად იმისა  იმყოფებიან თუ არა ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში. თუმცა დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საალიმენტო ვალდებულებების დაკისრების საკითხი დღის წესრიგში განქორწინებისას დგება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ბავშვი დიდ დროს ერთ მშობელთან ატარებს და ძირითად შემთხვევაში მხოლოდ ერთ მშობელს უწევს ზრუნვისათვის აუცილებელი ხარჯების გაღება. ასეთ დროს მეორე მხარე ვალდებულია, მოახდინოს პიროვნული ზრუნვის ნაკლებობის კომპენსირება მინიმუმ მატერილაური სახით. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, ალიმენტის გადახდა ეკისრება იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს.

ალიმენტის გამოანგარიშება

როგორც უკვე აღინიშნა, მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. სასამართლო ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ამდენად, სარჩოს ოდენობა დგინდება სამართლიანი და გონივრული სახით ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. ალიმენტის მომთხოვნმა პირმა უნდა დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი თანხის აუცილებლობა არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. გადასახდელი სარჩო უნდა ფარავდეს კვების, მოვლის, სწავლის საფასურის ხარჯებს. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარეს ასევე ევალება, რომ სასამართლოში წარადგინოს მოპასუხის შემოსავალი და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებები. შემოსავალში იგულისხმება ყველანაირი ტიპის ქონება: უძრავი/მოძრავი ქონება, დივიდენდი, ბინის გაქირავების შედეგად მიღებული თანხა და სხვ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ვერ უზრუველყოფს შემოსავალთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებას, უფლებამოსილია იშუამდგომლოს სასამართლოსთან და მოთხოვოს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს.

ალიმენტის ოდენობის დადგენისას ასევე  უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას.

არასრულწლოვანი შვილების რჩენა მისი მშობლების უპირობო ხასიათის ვალდებულებაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ალიმენტვალდებულ პირს არ გააჩნია შემოსავალი და გადახდისუუნაროა?

დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად სასამართლო გადახისუუნარო მშობელს მისი ფინანსური სტატუსის მიუხედავად მაინც აკისრებს ალიმენტს მინიმალური ოდენობით. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში ეს შეიძლება პრობლემატური იყოს, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში აღნიშული ვალდებულების დაკისრება შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში ალიმენტის გადამხდელ პირს უბიძგებს სარჩოს გადახდისაკენ.

ამავდროულად  არსებობს ალიმენტის ნაბყოფლობით გადახდის წესი, რომლის ფარგლებშიც პირი ალიმენტს იხდის საკუთარი ნებით  მეორე მშობელთან შეთანხმების ფარგლებში,  მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, ალიმენტის მიმღებს შეუძლია ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ.

ალიმენტის ხანდაზმულობის ვადა

პირს, რომელსაც გააჩნია ალიმენტის მოთხოვნის უფლება ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს მისი გადახდა, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. რაც შეეხება განვლილი პერიოდის ანაზღაურებას,  ამ შემთხვევაში კანონი აწესებს შეზღდუვებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში როცა პირს არ ჰქონდა ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა წაყენებული და წლების შემგომ მოითხოვს (პირობითად, თუ წლების მანძილზე მხოლოდ ერთი მშობელი არჩენდა შვილს მუდმივად), იგი უფლებამოსილია მოითხოვოს გასული პერიოდის  3 წლის განმავლობაში არსებული ალიმენტის გადახდა.

სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის შემცირების შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლით და ამისთვის მხარემ კვლავ სასამართლოს უნდა მიმართოს სარჩელით. ასეთი სარჩელი საფუძლიანი იქნება იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მკაცრად განსაზღვრული თანხის სახით. ასეთ დროს სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან პირიქით გაზარდოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა თუ ის დარწმუნდება რომ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. შემცირების საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით.

საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტა

მხარეთა შეთანხმებით წარმოშობილი საალიმენტო ვალდებულება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის გარდაცვალებით, შეთანხმების ვადის გასვლით ან ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

„სხვა საფუძველი“ ჩვეულებრივ გულისხმობს მხარეთა მიერ სასამართლოს გარეშე გარკვეულ გარემოებებზე შეთანხმებას. მაგალითად, თუ შეთანხმების საგანი იყო სწავლის საფასური და მისი გადახდის ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ სწავლის პროცესი დასრულდება/შეწყდება - ეს ავტომატურად გახდება საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი.