სამართლებრივი ბლოგი
2023-05-23 19:38:27

რა არის პირგასამტეხლო

თუ სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე არსებობს მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის რისკი, თქვენ შეგიძლიათ თქვენი მოთხოვნები უზრუნველყოთ პირგასამტეხლოს საშუალებით.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, შესრულების ვადაგადაცილების ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისთვის.

პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით, რომელიც უნდა იყოს მყარად განსაზღვრული ოდენობის. პირგასამტეხლოზე შეთანხმების ნამდვილობისთვის კანონი მხარეებს ავალდებულებს, წერილობითი ფორმით დაიდოს ხელშეკრულება.

ერთმანეთისგან განასხვავებენ პირგასამტეხლოს ორ ფორმას, ესენია: საურავი და ჯარიმა. ერთი მათგანი განკუთვნილია ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც ვალდებულების დარღვევა გამოიხატება ვადის გადაცილებაში, ხოლო მეორე სახე გამოიყენება ერთიანი თანხის ჯარიმის სახით პირგასამტეხლოს გათვალისწინების შემთხვევაში. მაგალითად, თუკი მხარე არსებითად დაარღვევს ხელშეკრულებას და ამასთანავე იგი გავა ხელშეკრულებიდან, აღნიშნულისგან თავის დასაცავად შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საგნის ღირებულების 30% ოდენობით, ან პირგასამტეხლო გამოხატული იყოს მყარი თანხით (მაგ: 5000 ლარი).

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლო ყველა მეორად მოთხოვნებთან თავსებადია და მისი გამოყენებისას მხარეს არ ევალება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცება, ვინაიდან პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არის ვალდებულების დარღვევა/არაჯეროვანი შესრულება. თუმცა ფორს-მაჟორული გარემოების დროს შესაძლოა გამოირიცხოს მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

საქართველოს კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

კანონი იძლევა პირგასამტეხლოს სრული მოცულობით მოთხოვნის შესაძლებლობას ვადაგადაცილების გამო და მასთან ერთად ვალდებულების შესრულების მოთხოვნასაც. თუმცა თუ პირგასამტეხლო გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, მასთან ერთად მხარე ვალდებულების შესრულებას ვეღარ მოითხოვს.

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სამართლებრივი რეგულირება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ/ფინანსურ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია ვალდებულების შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

ამრიგად, პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ყველა სახის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ პირგასამტეხლო აქცესორული ბუნებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების ნამდვილობაზე.

თუ ძირითადი ვალდებულება არის ბათილი ან მისი შესრულების მოთხოვნა ხანდაზმული და ფაქტობრივად არ/აღარ არსებობს ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფასაც პირგასამტეხლო ემასურება, შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულებაც აღარ წარმოიშობა.