როგორ უნდა მოიქცეთ თუ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს
თუ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენი უფლებები შრომის კოდექსით არის დაცული. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს უფლება შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება, როდის ირღვევა დასაქმებულის შრომითი უფლებები და რა მოთხოვნები წარმოგეშობათ თუ კი სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლები
საქართველოს შრომის კოდექსი ამომწურავად განსაზღვრავს იმ კანონიერ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დამსაქმებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება. ასეთი საფუძვლებია:
◼ ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
◼ შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა ან გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
◼ დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებული თანამდებობისთვის;
◼ დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევა;
◼ ხანგრძლივი შრომისუუნარობა, რომელიც აღემატება 40 კალენდარულ დღეს ზედიზედ ან 60 კალენადრულ დღეს 6 თვის განმავლობაში;
◼ დასაქმებულის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამორიცხავს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას;
◼ დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან სხვა ობიექტური გარემობები.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლის არსებობა, არ ათავისუფლებს დამსაქმებელს ვალდებულებისაგან, დაიცვას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით დადგენილი პროცედურები და არ განახორციელოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
წინასწარი ინფორმირებულობა და კომპენსაციის მიღება თქვენი კანონით გარანტირებული შრომითი უფლებებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელი საკუთარი ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობით გაგაფრთხილოთ და გადაგიხადოთ კომპენსაცია 1 თვის ანაზღაურების ოდენობით. ან გაგაფრთხილოთ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე და გადაგიხადოთ კომპენსაცია 2 თვის ანაზღაურების ოდენობით.
დასაქმებულს უფლება აქვს გაფრთხილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მოითხოვოს წერილობითი დასაბუთება, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია მოთხოვნიდან 7 კალენდარულ დღეში წერილობით დაასაბუთოს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლო პროცესზე დამსაქმებელი თვითონ იქნება ვალდებული დაამტკიცოს თქვენი სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლიანობა.
რისი მოთხოვნის უფლება აქვს დასაქმებულს?
თქვენი შრომითი უფლებები ირღვევა, თუ დამსაქმებელი არ ასაბუთებს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, არ გაწვდით წერილობით შეტყობინებას ან/და არ გიხდით შესაბამის კომპენსაციას.
დასაქმებულს უფლება აქვს დამსაქმებლის გადაწყვეტილების კანონიერებაზე იდავოს სასამართლოში და დამსაქმებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ან წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მოითხოვოს დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, დამსაქმებელს წარმოეშობა ვალდებულება:
◼ აღგადგინოთ პირვანდელ სამუშაო ადგილზე, თუ კი აღნიშნული თანამდებობა კვლავ ვაკანტურია,
◼ უზრუნველყოს თქვენი დასაქმება ტოლფას სამუშაოზე, თუ კი ის თანამდებობა, რომელზეც იყავით დასაქმებული, აღარ არის ვაკანტური ან აღარ არსებობს,
◼ გადაგიხადოთ კომპენსაცია,
◼ აგინაზღაუროთ იძულებითი განაცდური.
კომპენსაციის გამოანგარიშებას უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკით დადგენილი შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე - კომპანიის ლიკვიდურობა, პირის შანსები შრომის ბაზარზე, პირის სოციალური მდგომარეობა, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, პირის შესაძლო დასაქმება სხვა სამსახურში დავის მიმდინარეობისას, დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა, პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან და სამუშაო სტაჟი.
იძულებითი განაცდურის ოდენობა კი დამოკიდებულია შრომითი ხელშეკრულების ტიპზე. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემოსაზღვრულია ხელშეკრულების დარჩენილი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია გადაგიხადოთ ის ხელფასი, რომელიც ხელშეკრულების დარჩენილი მოქმედების პერიოდში გეკუთვნოდათ.
მაგალითად, თუ ხელშეკრულება გაფორმებული იყო ერთი წლის ვადით, ხოლო შრომითი ურთიერთობის მეხუთე თვეს უკანონოდ შეწყდა დამსაქმებლის მიერ, ეს უკანასკნელი ვალდებული იქნება აგინაზღაუროთ დარჩენილი შვიდი თვის იძულებითი განაცდური.
უვადო შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში კი, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება კონკრეტული ვადით არ არის შემოსაზღვრული და მისი ოდენობა მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს იმისდა მიხედვით თუ როგორია საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო გაითვალისწინებს დროის მონაკვეთს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნასა და გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობას შორის, დასაქმებულის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობებს და სხვა ისეთ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ განაცდურის ოდენობის ობიექტურ გამოანგარიშებაზე. აღნიშნული მიზნით, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს სათანადო მტკიცებულებების მოძიება და სასამართლოში წარდგენა.
გახსოვდეთ, იმისათვის რომ თქვენი შრომითი უფლებები სრულად იყოს დაცული, აუცილებელია დროული და სწორი სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება.
სტატიის ავტორი: ლეილა ლიპარტელიანი