ცვლილებები სავალდებული სამხედრო სამსახურის გადავადების წესში
2023 წლის 21 სექტემბერს ძალაში შესულ ახალ „თავდაცვის კოდექსში“, ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც საქართველოში დარეგისტრირებულ ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციაში მღვთელთმსახურება, სამხედრო სამსახურის გადავადების საშუალებას იძლეოდა. სწორედ ეს იყო პუნქტი, რაც „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის, „ბიბლიური თავისუფლების“, მიერ გაცემული მოწმობით სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობას იძლეოდა.
ახალი კოდექსით, გადავადების ეს საფუძველი, მღვთელმსახურება, საერთოდ ამოღებულ იქნა, რაც გულისხმობს იმას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებში მღვთელთმსახურებით პირები ვეღარ შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას.
თუკი აქამდე სასულიერო პირები სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ, ახალი ცვლილებებით, მათ შეეძლებათ ეს ვალდებულება არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურით მოიხადონ.
თუმცა, გადავადების ამ ზოგადი საფუძვლის კანონიდან ამოღება არ ეხება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მღვდელთმსახურებას, რამდენადაც არა მხოლოდ გადადება, არამედ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით, „კონკორდატითაა“ გათვალისწინებული, რომელიც იერარქიულად კოდექსზე მაღლა დგას.
შესაბამისად, ახალი ცვლილებებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ნაცვლად, ალტერნატიული სამსახურის გავლა მოუწევთ სხვა რელიგიათა სასულიერო წარმომადგენლებს, ხოლო ამ ალტერნატიული სამსახურის ვალდებულება მართლმადიდებელ ეკლესიას სამართლებრივად საერთოდ არ შეეხება, ვინაიდან კონკორდატის მე-4 მუხლი სასულიერო პირის სამხედრო სამსახურისგან სრულად გათავისუფლებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძველი კანონით სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველი სასულიერო სასწავლებელში სწავლაც იყო, თუმცა ახალი კანონმდებლობით ეს გამონაკლისიც გაუქმდა.
ახალი კანონით შეიცვალა სავალდებულო სამხედრო სამსახურის 1 კალენდარული წლით გადავადების ღირებულებაც - რომელიც 2000 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა.
მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ ერთჯერადადაა შესაძლებელი, 1 წლის გასვლის შემდეგ პირი კვლავ დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას.
აღსანიშნავია, რომ გადავადების შესაძლებლობით მხოლოდ 25 წლამდე პირები ისარგებლებენ.