ქორწინების სამართლებრივი შედეგები და ქონების გაყოფა განქორწინებისას
საქართველოს კანონმდებლობით არსებობს ქორწინების ტრადიციული და კლასიკური გაგება, რომლის თანახმადაც ქორწინება და ოჯახი ის სოციალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის ინსტიტუტებია, რომელიც გამოიხატება ორი სხვადასხვა სქესის ადამიანის - ქალისა და მამაკაცის კავშირში.
საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად განისაზღვრება ქორწინების უფლება, რომელსაც გააჩნია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნეგატიური ასპექტი გულისხმობს დაქორწინების და ოჯახის შექმნის იძულების დაუშვებლობას, ხოლო პოზიტიური ასპექტი - ვალდებულებას სახელმწიფოსთვის, არ დაუწესოს დაქორწინების მსურველ პირებს არაპროპორციული და ხელისშემშლელი ბარიერები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი თავისმხრივ იზიარებს კონსტიტუციურ დებულებას და ქორწინებას განმარტავს ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს, რომელიც სამართლებრივ გარანტიებს წარმოშობს მხოლოდ სერვისების განვითარების სააგენტოში რეგისტრაციასას. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს არარეგისტრირებულ ქორწინებას, მათ შორის ჯვრისწერა თავისი მნიშნელობით არ გულისხმობს ქორწინების რეგისტრაციას.
კოდექსი განსაზღვრავს ქორწინებისათვის აუცილებელ პირობებს, რომლის ფარგლებშიც საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი, ხოლო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. გარდა პირთა საქორწინო ასაკისა, ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დასაქორწინებელ პირთა თანხმობა, რამდენადაც დაუშვებელია ოჯახის შექმნის იძულება. იმ შემთხვევაში, თუ დასაქორწინებელი პირი მხარდამჭერის მიმღებია, სავალდებულოა საქორწინო ხელშეკრულების დადება, რომელშიც ჩართული უნდა იყოს მხარდამჭერი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაქორწინება არ დაიშვება.
სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს საგამონაკლისო პირობებს, რა შემთხვევაშიც დაქორწინება დაუშვებელია.
ქორწინება არ დაიშვება:
- იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;
- პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
- ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
- მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
რა შეიძლება გახდეს ქორწინების შეწყვეტის საფუძველი?
სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის მიხედვით:
◾️ ქორწინება წყდება ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით;
◾️ კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით - პირის გარდაცვლილად გამოცხადებაზე პასუხისმგებელია სასამართლო. პირი იმ შემთხვევაში ცხადდება გარდაცვლილად, თუ 5 წელზე მეტია უგზო-უკვლოდ დაკარგულია. ასეთ შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან. ამასთანავე სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვლილად შეიძლება გამოცხადდეს პირი, რომლის გარდაცვალებაც ნავარაუდებია უბედური შემთხვევების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში პირი გარდაცვლილად ცხადდება მსგავსი გარემოების დადგომის მომენტიდან.
◾️ განქოწინების საფუძველზე - არსებობს განქორწინების პროცედურული ორი ასპექტი - იმ შემთხვევაში, თუ განქორწინების თაობაზე თანხმობას აცხადებს ორივე მეუღლე, განქორწინება ხდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. ხოლო სასამართლო წესით განქორწინება ხორციელდება მაშინ, თუ ერთ-ერთი მეუღლე უარს აცხადებს განქორწინების თაობაზე.
თუმცა კანონი მეუღლეს უკრძალავს განქორწინების თაობაზე მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე საქმის აღძვრას, თუ ცოლი ორსულადაა ან ბავში არ არის ერთ წელს მიღწეული.
ასევე ხაზგასასმელია, რომ სასამართლო განქორწინების პროცედურასთან ერთად განიხილავს ისეთ საქმეებს, როგორებიცაა: მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის შესახებ დავა, ურთიერთრჩენის ვალდებულება, შვილების აღსაზრდელად გადაცემის საკითხი და ალიმენტის განსაზღვრა. არსებული ჩამონათვალიდან მოცემული სტატიის ფარგლებში განვიხილავთ ქონების გაყოფის საკითხს განქორწინების შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ადგენს, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ხაზგასასმელია, რომ ქართული კანონმდებლობისთვის ოჯახში მეუღლეთა შორის ქონებრივი უფლებების დაცვის მოწესრიგება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ხშირია შემთხვევა, როდესაც დედები უარს ამბობენ სამსახურზე და დასაქმებაზე ოჯახზე ზრუნვის გამო. ხოლო როდესაც საქმე ეხება ქონების გაყოფის საკითხს, ის მეუღლე, რომელიც უშუალოდ უზურნველყოფდა ოჯახში მატერიალურ კეთილდღეობას, ხშირად აცხადებს პრეტენზიას ამა თუ იმ მოძრავ/უძრავი ქონების მიკუთვნებაზე იმ მიზეზით, რომ ეს მხოლოდ მის მიერ გამომუშავებულია. ასეთი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად კანონმდებლობა ადგენს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ნებისმიერ შემთხვევაში ქორწინებიდან განქორწინებამდე შეძენილი ქონება არის მეუღლეთა თანასაკუთრება, თუმცა კანონი ადგენს იმ ქონებათა ჩამონათვალს, რომლებიც მიუხედავად ქორწინების განმავლობაში შეძენისა, წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას, ესენია:
- ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;
- და ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ამასთან ერთად ინდივიდუალური სარგებლობის ნივთებიც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად, თუ ეს ნივთი დაბალი ეკონომიკური ღირებულების მქონეა და არის ინდივიდუალური სარგებლობის, გარდა ძვირფასეულობისა.
ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისისა, მეუღლეებს გააჩნიათ თანაზიარ ქონებაზე თანაბარი უფლება-მოვალეობები - ფლობდნენ, განკარგავდნენ და სარგებლობდნენ საერთო ქონებით.
ქონების გაყოფა განქორწინებისას
საქართველოს კანონმდბელობის მიხედვით ქორწინების შეწყვეტა იწვევს თანასაკუთრების შეწყვეტას როგორც ქონებრივ, ისე არაქონებრივი უფლება-მოვალეობებზე. მეუღლეთა თანაზიარი ქონება შესაძლოა გაიყოს ქორწინების განმავლობაშიც. ამ გზას მეუღლეები მიმართავენ მაშინ, როცა ისინი იძულებულნი არიან ცალ-ცალკე იცხოვრონ, თუმცა ქონების გაყოფა შესაძლოა მოხდეს ერთად ცხოვრების შემთხვევაშიც საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე.
მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ.
მეუღლეებს ურთიერთშეთანხმება შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკურლებით. აღნიშულის საფუძველზე მათ შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი - გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე. აღნიშნულის მიუხედავად დაუშვებელია ხელშეკრულებით შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და – დავის შემთხვევაში – სასამართლოში მიმართვის უფლება. ამასთან, დაუშვებელია გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. იმისათვის, რომ ხელშეკრულება ნამდვიალდ ჩაითვალოს, აუცილებელია წერილობითი ფორმით დადება და დადასტურება სანოტარო წესით.
სასამართლო თანასაკუთრების გაყოფისას განსაზღვრავს, თუ რომელი ქონება რომელ მეუღლეს მიაკუთვნოს. ქონების ფაქტობრივად გაყიდვის შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს რისკი - ერთ მეუღლეს უფრო დიდი ღირებულების ქონება დარჩეს, ვიდრე მეორეს. ასეთ შემთხვევაში ამ უკანასკნელის მიმართ ხორციელდება წილის კომპენსაცია ფულადი ან სხგვაგვარი სახით. თუმცა ამ პრინციპს სასამართლომ შესაძლოა გადაუხვიოს არასრულწლოვანი შვილების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; გადახვევის მიზეზი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მეუღლის წილის გაზრდა იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ან/და – თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესი
ზოგადი დათქმით მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. ამდენად, თუ გარიგების მხარე ორივე მეუღლეა, ასეთ დროს სახეზეა მეუღლეთა საერთო ვალი. საერთო ვალი არსებობს მაშინაც, თუ აღნიშნული თანხა მოხმარდება მთელი ოჯახის საერთო ინტერესებს (მაგალითად, უძრავი ქონების შეძენა, ბინისრემონტი, მეუღლის სწავლის დაფინანსება და სხვ.) საერთო ვალად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ღირებულებაც, რომელიც მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით. იმ შემთხვევაში თუ ვალი ეკუთვნის ერთ-ერთ მეუღლეს, მისი დაფარვა შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.