რა არის გამარტივებული საქმის წარმოება?
აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურება - გამარტივებული საქმის წარმოება საშუალებას იძლევა ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული დავები სასამართლო წარმოების გარეშე, უფრო სწრაფად და ეფექტურად, ნაკლები ფულადი და დროის დანახარჯით მოგვარდეს.
გამარტივებული წარმოება განმცხადებელ პირებს საშუალებას აძლევს სასამართლოს გარეშე განახორციელონ მესამე პირებისთვის თანხის გადახდის მოთხოვნა. ხაზგასასმელია, რომ ამგვარი გამარტივებული წარმოებით პირს მხოლოდ თანხის გადახდის მოთხოვნის წაყენება შეუძლია და არა საპასუხო ვალდებულების შესრულების.
იმისათვის, რომ ბიურომ დაიწყოს თქვენი მოთხოვნის აღსრულება, საჭიროა მიმართოთ განცხადებით და წარადგინოთ ვალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო წარმოებაში მიიღებს თქვენს განაცხადს და გამარტივებული წაარმოების ფარგლებში მოვალე მხარეს შეატყობინებს ვალის დაფარვის თაობაზე. ასევე, მიაწოდებს ინფორმაციას იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას მოყვება.
მას შემდეგ რაც მოვალეს ჩაბარდება შეტყობინება ვალის დაფარვის თაობაზე, 10 დღის განმავლობაში იგი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
- სრულად დაფაროს კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანება;
- დაფაროს მხოლოდ დავალიანების ის ნაწილი, რა ნაწილშიც იგი ცნობს მოთხოვნას;
- წარადგინოს განცხადება კრედტიორის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ იგი არ ეთანხმება მოთხოვნას;
- წერილობით დაეთანხმოს/არ დაეთანხმოს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნას;
- წარადგინოს განცხადება მორიგების თაობაზე, თუ მას სურს აპლიკანტთან შეთანხმდეს გადახდის პირობებსა და ვადებზე.
ამ უკანასკნელის ფარგლებში კანონმდებლობა მხარეებს საშუალებას აძლევს, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში ხელახლა შეთანხმდენ გადასახდელი თანხის ოდენობასა და ვადაზე. იმ შემთხვევაში, თუ მორიგებისას მოვალე დააღვევს მორიგების პირობებს, კრედიტორის განცხადების საფუძველზე აღსრულების ბიურო გამოსცემს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებას ფულადი ვალდებულების გადახდის შესახებ.
გამარტივებული წარმოების საფასური
- აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადების შეტანის საფასური ფიქსირებულია და ერთ სამართლებრივ მოთხოვნაზე მისი ოდენობა შეადგენს 200 (ორასი) ლარს.
- წილობრივი ვალდებულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ერთზე მეტი აპლიკანტის მიერ ან/და მიმართულია ერთზე მეტი მოვალის წინააღმდეგ, სააპლიკაციო საფასური შეადგენს 200 (ორასი) ლარს თითოეულ პირთან მიმართებით;
- განმცხადებელს შეუძლია გადახდის ბრძანების გამოცემის ან მოვალის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს ბრძანების აღსრულება. აღნიშნულის მოქმედებაში მოსაყვანად, განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს მომსახურების საგარანტიო თანხა მოთხოვნის 2%-ის ოდენობით, რომელიც აღსრულების დასრულების შემდგომ მას უკან დაუბრუნდება.
- გადახდის ბრძანების აღსრულებასთან ერთად განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს მოვალის ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომლის საფასურიც თითოეულ ქონებაზე შეადგენს 100 (ასი) ლარს.