რჩევები მზია თოდუასგან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის
მოგესალმებით ქალბატონო მზია, ინტერვიუს მიზანია იურისტებს გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების დამუშავებასთან დაკავშირებით და ასევე, მოგვიყვეთ თავად როგორ ემზადებოდით ამ გამოცდის ჩასაბარებლად
პირველ რიგში მსმენელებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ სამ არსებით საკითხზე - „რა შემიძლია ვიცოდე?“, „რა შემიძლია გავაკეთო?“, „რისი იმედი შეიძლება მქონდეს?“ (ალბათ გაგახსენდათ ემანუილ კანტი).
პირველი საკითხი ეხება მსმენელის გამოცდილებასა და მისი შესაძლებლობის წინაპირობების სფეროს;
მეორე - ჩვენს მოვალეობებს შეგვახსენებს: „გააკეთე ის, რაც გევალება“
მესამე - დასახული მიზანი და შედეგია.
ამ შესავლის გაკეთება იმისათვის დამჭირდა, რომ შევახსენო კურსის მომავალ მსმენელებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა, ანუ პრაქტიკული წვრთნა განსჯის უნარის ჩამოყალიბების მიზნით. პრაქტიკულად შეუძლებელია სამართლის ყველა სფეროში ყოვლისმომცველი ცოდნა გქონდეთ, მაგრამ თუ თქვენ კარგი განსჯის უნარი გაგაჩნიათ, შეძლებთ დასახული მიზნის მიღწევას. მით უფრო, რომ დღეისათვის არც შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის, ასევე ლიტერატურის ნაკლებობაა და არც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდაა ისეთი რთული, როგორც ეს 1998 წლის მაისში იყო.
რაც შემეხება მე, სამივე ინსტანციის სასამართლოში 26 წელზე მეტი ვიმუშავე მოსამართლედ, მათ შორის 18 წელზე მეტი სასამართლოს ან პალატის თავმჯდომარე ვიყავი. 1998 წლის მაისში საქართველოში პირველად ჩატარდა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით). პირველი ეტაპი ტესტირებით, ხოლო მეორე წერითი გამოცდის სახით ჩატარდა. ჩემთვის ტესტირებაზე რთული წერითი გამოცდა გამოდგა, რადგანაც ის მოიცავდა სამ თეორიულ საკითხსა და ოთხ კაზუსს სამართლის სხვადასხვა დარგებიდან. ვემზადებოდი დამოუკიდებლად, პროგრამის მიხედვით. იმ დროისათვის საკმარისი ლიტერატურა არ არსებობდა (მაგალითად, სახელმძღვანელო ან კომენტარები) და ამიტომ ძირითადად საკანონმდებლო მასალას ვიყენებდი და ყურადღებას ვამახვილებდი ნორმის მიზანსა და ფუნქციაზე, მათ სისტემურ ანალიზზე სხვადასხვა ინსტიტუტებთან მიმართებაში.
რასაკვირველია პრაქტიკულმა გამოცდილებამ თავისი როლი ითამაშა და შეიძლება ითქვას, პირველივე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე (240 გამოსაცდელიდან, მხოლოდ 11-მა ჩავაბარეთ, თუმცა ნაწილმა გაასაჩივრა და თუ მეხსიერება არ მღალატობს 31-მდე გაიზარდა ეს ციფრი).
რა ეტაპების გავლა უწევს იურისტს თუ ის გადაწყვეტს გამოცდის ჩაბარებას?
პირველ რიგში ის უნდა გაეცნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას.
პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://rb.gy/adfm5o
ვინაიდან გამოცხადებული კურსის ფარგლებში სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებითაა დაგეგმილი სწავლება, გაერთიანებულია შემდეგი საგნები:
◼️ საკონსტიტუციო სამართალი;
◼️ სამოქალაქო სამართალი;
◼️ სამოქალაქო სამართლის პროცესი;
◼️ ადმინისტრაციული სამართალი;
◼️ ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
◼️ ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები;
გამოცდა ორ ეტაპად ტარდება, პირველი ნაწილი გახლავთ ტესტირება, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში დაიშვება პირი წერით გამოცდაზე. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება ტესტური და წერითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის შემთხვევაში ტესტები შემდეგ პროპორციულობითაა გადანაწილებული:
- საკონსტიტუციო სამართალი - 10 დავალება;
- სამოქალაქო სამართალი - 25 დავალება;
- სამოქალაქო სამართლის პროცესი - 25 დავალება;
- ადმინისტრაციული სამართალი - 20 დავალება;
- ადმინისტრაციული სამართლის პროცესი - 10 დავალება;
- ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები - 10 დავალება
დავალებები თავისი სირთულის მიხედვით იყოფა სამ დონედ: მარტივი, საშუალო და რთული. საგამოცდო დავალებების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენს რთული, 65%-ს - საშუალო, ხოლო 15%-ს - მარტივი კატეგორიის დავალება. დავალების ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილის - პირობისა და ოთხი სავარაუდო პასუხისაგან. დავალების ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. მაგალითის სახით გიზიარებთ დავალებებს:
პირველი ეტაპის ტესტები: https://rb.gy/vpgnsz
წერითი გამოცდას რაც შეეხება, ეს ხუთ ღია კითხვიანი დავალება გახლავთ:
- სამოქალაქო სამართალი - 1 დავალება;
- სამოქალაქო სამართლის პროცესი - 1 დავალება;
- ადმინისტრაციული სამართალი- 1 დავალება;
- ადმინისტრაციული სამართლის პროცესი - 1 დავალება;
- ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები - 1 დავალება;
დავალების შესრულების დროს გამოსაცდელმა უნდა შეძლოს სამართლებრივი კვალიფიკაცია - სამართლებრივი ნორმების შეფარდება დავალებაში მოცემულ სიტუაციასთან, ასევე დავალების ამგვარი გადაწყვეტის დასაბუთება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული არგუმენტებით. ერთი დავალების მაქსიმალური შეფასება 5 ქულაა, ხოლო წერითი გამოცდის მაქსიმალური ქულათა რაოდენობა 25-ს შეადგენს. გამოცდის ეს კომპონენტი ჩაბარებულად რომ ჩაგეთვალოთ სულ ცოტა 15 ქულის მოპოვება უნდა შეძლოთ.
იხილეთ წერითი დავალების ნიმუში: https://rb.gy/as9yio
წერითი გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ექვსი, ხოლო ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად ხუთი საათი ეძლევა. განსხვავებით ტესტური ნაწილისგან, წერითი დავალების ეტაპზე გამოსაცდელს შეუძლია ნორმატიული მასალის გამოყენება.
არის თუ არა კოდექსის და მისი კომენტარების დამუშავება საკმარისი ტესტებზე სწორი პასუხის გასაცემად და სხვა რა რესურსების გამოყენებას ურჩევდით გამოცდის ჩაბარების მსურველებს
ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: პირველ რიგში კარგად უნდა გაიაზროთ სამართლის ძირითადი პრინციპები, რა არის სამართალი („სამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება“) და რა ფუნქცია აკისრია მას (სამართლებრივი პრობლემების სამართლიანად გადაწყვეტა და სამართლებრივი უსაფრთხოება). ამის მიღწევა შეიძლება როგორც კომენტარების, ისე შესაბამისი ლიტერატურის გაცნობით. გარდა ამისა, თითოეული ნორმის მიზანზე და ფუნქციურ დანიშნულებაზე, ასევე ცალკეული ინსტიტუტების ურთიერთკავშირზე გაამახვილეთ ყურადღება სასამართლო პრაქტიკის ჭრილში.
ვინაიდან თქვენ ჯეი ჯეი ტრენინგ ცენტრის ტრენერი ბრძანდებით გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა როგორ წარმოგიდგენიათ სამუშაო პროცესი იმ პირობებში როცა კურსი სრულად დისტანციურად იმართება, რა ტიპის აქტივობებს გეგმავთ.
ჩემი აზრით, მსმენელებს შეძლებისდაგვარად მკაფიოდ და გასაგებად უნდა მივაწოდო სალექციო მასალა, შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა, კითხვარი და ტესტები, ასევე კონკრეტული სამუშაო კაზუსები. კაზუსებზე იურიდიულ დასკვნებს საშინაო დავალების სახით მოამზადებენ და გამომიგზავნიან მეილზე. პასუხი შემოწმების შემდეგ შენიშვნებთან ერთად დაუბრუნდებათ უკან.